საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების რიცხვს რუსი პროფესორი შემატა

ავტორი: ანდრეი ნიკოლაევი
თარგმანი: ვიქტორია ბუკია
სტილი დაცულია

http://www.ng.ru/cis/2009-05-15/2_georgia.html


საქართველოში სიტუაცია უფრო და უფრო მწვავდება. რესპუბლიკის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციების შესახებ გააკეთა განცხადება, ხელისუფლება კი ძალოვანი მეთოდებით განაგრძობს მოქმედებას და საზოგადოებაში შიშის ატმოსფეროს ქმნის. მოწინააღმდეგეთა დაპატიმრება, ნადირობა ალქაჯებზე, დაშინების აქციები _ ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის მახასიათებელი გახდა, რომელიც ხელისუფლებაში დემოკრატიის, თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის ლოზუნგით მოვიდა.
ქართველი პოლიტოლოგი გიორგი ხუხაშვილი “ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმში გარდამავალ დროს” პროგნოზირებს. ჩანს, ექსპერტი სიტუაციას ზედმეტად რბილად აღიქვამს. საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმი უკვე ფაქტობრივად დამკვიდრებულია.
მაგალითად, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯაშუშომანიის ვირუსით დაავადდა. ყველაფერს, რაც რესპუბლიკაში სააკაშვილის ნების წინააღმდეგ ხდება, რუსი ჯაშუშების ნახელავს უწოდებენ. ოპოზიციის აქციები, სამხედრო აჯანყება, რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება _ ყველაფერს მოსკოვის მზაკვრულ მოქმედებას მიაწერენ. მაგრამ რადგან ამის ფქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს და ვერც იარსებებს, ადგილი პროვოკაციებს აქვს. ბოლო მათგანია _ აპრილის თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანიას დაპატიმრება.
გუშინ, “ნეზავისიმაია გაზეტამ” ვლადიმერ ვახანიას მიერ რუსეთში ქართული დიასპორის მიმართ დაწერილი ღია წერილი გამოაქვეყნა. მასში იურიდიული მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, რამდენიმე აკადემიის წევრი, ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი ისტორიულ სამშობლოში საკუთარ თავგადასავალს ყვება. თავიდან, როცა ის თბილისიდან სახლში გაფრენას აპირებდა, მას უცნობმა ადამიანებმა პირდაპირ შესთავაზეს გულწრფელად ეღიარებინა, რომ ის რუსეთის აგენტია. ბუნებრივია, ვლადიმერ ვახანიამ ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას წაართვეს როგორც რუსული, ასევე ქართული პასპორტი (საქართველოს მოქალაქეობა მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთი წლის წინ მიანიჭა), რითაც ქვეყნიდან გასვლის და თვით საქართველოში გადაადგილების საშუალება მოუსპეს.
შემდეგ აღძრეს სრულიად აბსურდული სისხლის სამართლის საქმე “ჟუნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის” თაობაზე. თითქოს მან ერთ-ერთ ჟურნალისტს წაართვა კასეტა, სადაც მისი ინტერვიუ იყო ჩაწერილი. როდესაც ორი ასეული შეიარაღებული სპეცნაზი ზუგდიდში, ვახანიას სახლში “დაზარალებულისთვის” კასეტის დასაბრუნებლად მივიდა (მთელ ამ მოქმედებას თან ახლავდა ჰაერში სროლა და ვახანიას მეზობლებისა და ოჯახის წევრების ცემა), რა თქმა უნდა, კასეტა ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, ბუნებრივია, ორი კალაშნიკოვის ავტომატი და ორი გრანატა აღმოაჩინეს. ანუ “ლეიბის ქვეშ” იარაღი უპოვეს ადამიანს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა პატიმრობაში, ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
საერთო ჯამში, გამოდის პრიმიტიული, მაგრამ ტარდიციული სქემა. არ არსებობს რუსეთის აგენტი უიარაღოდ! ერთ სისხლის სამართლის საქმეს მეორე დაემატა _ “ ცეცხლსასროლი იარაღის ნებადაურთველი შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, ტრანსპორტირება თუ გაგზავნა” (სამ წლამდე პატიმრობა).
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვახანია ჯაშუშობის იდეალური კანდიადატია. ჯერ ერთი, იგი თავის დროზე რუსეთის პროკურატურაში მუშაობდა. მეორე, რუსეთის ფედერაციის ჟურნალისტების კავშირის წევრი იყო (სააკაშვილის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ რუსული პრესა არასწორად წერს სააკაშვილსა და მის საქმეებზე). მესამე, მოსკოვის ოლქის სამხედრო და სამართალდამცავთა პროფკავშირების თავმჯდომარე იყო (სადაც, სავარაუდოდ, სააკაშვილის შეიარაღებული გზით ჩამოგდება მზადდება). მეოთხე, ვახანიამ საჯაროდ განაცხადა, რომ “საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება”. და ბოლოს, მეხუთე, სწავლობდა ლგუ-ში დაახლოებით ვლადიმერ პუტინის იქ სწავლის პერიოდში. თუმცა, როდესაც სააკაშვილი ვახანიას მოქალაქეობას ანიჭებადა, რატომღაც ამ ფაქტებს ყურადღაბა არ მიაქციეს. ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის ტრაგიკულ მოვლენებამდე სააკაშვილის რეჟიმი საკმაოდ მყარი იყო და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან ალქაჯებზე ნადირობაზე ხალხის ყურადღების გადატანის დიდი აუცილებლობა არ გახლდათ.
მთავარი კი მაინც ის არის, რომ ვახანიამ ოპზიციური პარტია “მთლიანი საქართველო” შექმნა. აღსანიშნავია, რომ პარტიის პირველი ყრილობა 11 მარტს გაიმართა და ამავე დღეს ვახანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ოთხი დღის შემდეგ კი იგი ციხეში ჩასვეს. ასეთია “სააკაშვილის დემოკრატია”.
“ვახანიას საქმესთან” დაკავშირებით თვითონ პროფესორი და მისი ახლობლები დახმარებისთვის სხვადასხვა ინსტანციას მიმართავდნენ, როგორც რუსულს, ასევე საერთაშორისოს. მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, რიგი სხვა სახელმწიფოების ლიდერებს, ადამიანის უფლებათა დამცვაში უფლებამოსილ ვლადიმერ ლუკინს, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზს, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ჯერჯერობით ამ მიმართვებზე არავის ქონია რეაქცია.

1 კომენტარი:

ვიკა & ნინი, ძალიან კარგია თქვენი წამოწყება და რუსულ პრესაზე საუბარი. თქვენს ძველ პოსტებს გადავხედავ და მერე ჩემს აზრს უკეთ გეტყვით. [ჩამამატეთ ბლოგროლში, მეც გამატებთ.]