ავტორი: ანჟელა კუჭუბერია
თარგმანი: ვიქტორია ბუკია
სტილი დაცულია

წყარო: http://abkhasia.kavkaz-uzel.ru/articles/154136

"აფხაზეთმა აღიარება მოიპოვა, მაგრამ ქვეყნის განვითარება შეჩერდა"-ასე მიიჩნევს რესპუბლიკის ახლანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის (პარტია “ერა”) ლიდერი, ბიზნესმენი ბესლან ბუთბა.
“დღეს აფხაზეთი გზის გასაყარზე დგას, ჩვენ ომში გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ქვეყნის განვითარება შეჩერდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ ადგილს ვტკეპნით”. _ განაცხადა 13 მაისს სოხუმში ბესლან ბუთბამ. მისი აზრით, დღეს ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია. რაც მთავარია, არ არის პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ აფხაზმა ხალხმა გააგრძელოს ასეთი სტრატეგია.
ამიტომ, ბუთბას თქმით, პარტია “ერა” რესპუბლიკაში ნაციონალურ პროექტებს უშვებს, რომელთაც “უნდა შეადგინონ განვითარების სტრატეგიის საფუძველი, დაადგინონ ის მიმართულება, რომლითაც აფხაზეთი გადადგამს ნაბიჯს მომავლისკენ”.
პარტიის წარმომადგენლის მიერ პროექტები დამუშავებულია “იმ პრობლემების დაჩქარებული გადაწყვეტისთვის, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას”. “მცირე ბიზნესი _ დიდი შემოსავალი”; “ჯანმრთელი ერი _ ძლიერი აფხაზეთი”; “მდიდარი სოფელი _ მყარი განვითარება”; “ნაციონალური კულტურა _ ერის სული”; “ახალი სკოლიდან _ თანამედროვე უნივერსიტეტში”, _ ასე ეწოდება ახალ პროექტებს ხუთ ძირითად მიმართულებაში.
“დღეს ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან ერთი ადგილის ტკეპნა გავაგრძელოთ, ან გადავდგათ გაბედული ნაბიჯი წინ რეალური დამოუკიდებლობის განვითარებისა და აყვავებისკენ” _ განაცხადა აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ხელმძღვანელმა.
“ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულებიც კი ვართ დავისახოთ გრძელვადიანი მიზნები _ არა თვეებით, არამედ წლებით წინ, _ მიიჩნევს ბუთბა. _ ჩვენი მიღწევები მომავლის ღირსეული ფუნდამენტი უნდა გახდეს, მომავლისა, რომელის შენებაც დღეს უნდა დავიწყოთ”.
აღსანიშნაივია, რომ დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება და გამორიცხული არ არის, ბესლან ბუთბამ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურა წარადგინოს. თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება ხელახალ კენჭის ყრაზე მხოლოდ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაბშმა გააკეთა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში სოხუმში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სახელწოდებით “დამოუკიდებელი აფხაზეთი: ეკონომიკური სტრატეგიის ძიება”, რომლის მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ აფხაზეთში შექმნილია რესპუბლიკის საერთაშორისო სუბიექტად ქცევისთვის საჭირო პირობები.
კონფერენციის მონაწილეთა დასკვნით გაცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში სახელმწიფო მართვის სისტემა ფორმულირებულია და ეფექტურობასაც იჩენს, შეწყობილად ფუნქციონირებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო-სახელისუფლებო შტოები, ვითარდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები. რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, უზრუნველყოფილია საზღვრების დაცვა და მყარდება ეკონომიკური კავშირები საზღვარგარეთის ქვეყნებთან.
თუმცა, რესპუბლიკაში არაერთხელ თქმულა საზოგადოების პოლიტიკური კულტურის არც თუ ისე მაღალ დონეზე. “ახლანდელი გადაწყვეტილებების მიღების სტილი ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოების ეფექტურ განვითარებას” _ განაცხადა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ფონდის ხელმძღვანელმა ლეონ აჯინჯალმა 23 იანვარს, “პოლიტიკური კონსულტაციების” დროს, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკური ბრძოლის წესების შესახებ ხელშეკრულების დადებას წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.
აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია 2007 წლის სექტემბერში შეიქმნა. მაშინ, სოხუმის სხდომაზე განაცხადეს, რომ ეს პარტია არ არის ოპოზიციური. სხდომის დასრულებისას, პარტიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას “ჯერ არ აქვს რაიმე გამოკვეთილი დევიზი”.
“ჩვენ ვიმუშავებთ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე, და გვსურს, რომ ეს პარტია ეროვნული გახდეს”, _ აღნიშნა ბუთბამ 2007 წლის 26 სექტემბერს. მისი სიტყვებით, “იმედები ახალგაზრდებზე მყარდება, მაგრამ პარტია “ერა” დაეყრდნობა, ხალხს, რომელიც კონკრეტული საქმიანობითაა დაკავებული.”
დღეს პარტია "ერა” “აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმთან” ერთად ოპოზიციაშია.